ადრე ითვლებოდა, რომ კუჭის მჟავე წვენში შეუძლებელია ბაქტერიის ხანგრძლივი პერსისტენცია. აღმოჩნდა, რომ HP მცირე ზომის გენომმა მუტაციის უნიკალური უნარით შეძლო ადაპტაცია კუჭის მჟავე წვენში და დაიკავა კუჭის თავისუფალი ეკოლოგიური ნიშა. ამის გამო HP_ს ზოგჯერ „ქამელეონად“ მოიხსენიებენ.
გასტროლოგ M. Blaser-ის აზრით HP ადამიანის ორგანიზმთან ერთად არსებობს მილიონი წლებია. მისი ადაპტაცია კუჭის მჟავე წვენში განაპირობა:
- HP მუტაციის სწრაფმა უნარმა მისთვის არახელსაყრელ პირობებში;
- ადამიანის კუჭში HP_ის სხვადასხვა შტამების ერთდროულად არსებობამ ურთიერთშორისი ხშირი რეკომბინატური მუტაციით.
M. Blaser-ის აზრით HP_ს და ადამიანის ორგანიზმს შორის არსებობს თავისებური ჰომეოსტაზი - „თუ არ ვეცდებით მის განადგურებას, HP არ ვნებს ადამიანს (პატრონს)“.
ამ პოსტულატის კატეგორიული წინააღმდეგია D.Graham, რომელიც თვლის, რომ „კარგია HP- მხოლოდ მკვდარი“ და მასვე ეკუთვნის უკომპრომისო გამონათქვამი „არაა HP, არაა წყლულოვანი დაავადება“. ბოლო წლების მოლეკულურ ბიოლოგიური კვლევებით ამტკიცებენ, რომ HP შედარებით ახალი მიკრობია და მისი ასაკი 2500-11000წელია. სტატისტიკური მონაცემებით დედამიწის მოსახლეობის 60% ინფიცირებულია HP_ით. განვითარებად ქვეყნებში HP_ით ინფიცირებულია მოსახლეობის 90-95%, ევროპაში, აშშ, იაპონიაში 35-50%, რუსეთში მოსახლეობის 60-70%.
HP ძირითადი რეზერვუარია ადამიანი. ინფიცირება ხდება ფეკალურ-ორალური გზით. ადამიანის ორგანიზმში HP კოლონიზირებულია კუჭის ლორწოვანის ანტრალურ ნაწილში, თუმცა შესაძლებელია მისი ექსპანსია ანტროკარდიული მიმართულებით. ამავე დროს არც ნაწლავის ცილინდრულ ეპითელიუმში და არც საყლაპავის მრავალშრიან ეპითელიუმში მისი კოლონიზაცია არ ხდება. ინფიცირებული პირების უმრავლესობა (70%) მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩებიან ჯანმრთელი ბაქტერიომტარებლები. მხოლოდ ინფიცირებულთა 30%-ს ადრე თუ გვიან უვითარდებათ სხვადასხვა სახის HP ასოცირებული გასტროენტეროლოგიური დაავადებები: უფრო ხშირად ქრონიკული არაატროფიული ანტრალური გასტრიტი, შედარებით იშვიათად HP ასოცირებული კუჭის ან 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, იშვიათად კუჭის კიბო, კუჭის ლიმფომა.
M. Blaser-ის აზრით HP ადამიანის მიკრობიოცენოზის შემადგენელი ნაწილია. HP კონკრეტულ მდგომარეობასთან დამოკიდებულებით შეიძლება იქცეოდეს როგორც კომენსალი ან სიმბიოტი, თუმცა ზოგჯერ ის გვევლინება როგორც პათოგენი. დღეისათვის არაა გაცემული პასუხი M. Blaser-ის 2 კითხვაზე:
1. როგორ ხდება, რომ ერთი და იგივე მიკრობს შეუძლია განავითაროს სხვადასხვა სახის დაავადებები: ქრონიკული არაატროფიული ანტრალური გასტრიტი, HP ასოცირებული წყლულოვანი დაავადება, კუჭის კიბო, კუჭის ლიმფომა;
2. რა ფაქტორები განსაზღვრავენ HP ასოცირებული დაავადებების განვითარებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით წყლულოვანი დაავადების 20% HP ნეგატიურია.
ზოგიერთი მკვლევარის მონაცემებით დუოდენური წყლულის 20-30% და კუჭის წყლულის 40-50% HP ნეგატიურია, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. [HP-ნეგატიური წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში HP ერადიკაციული ანტიბიოტიკო თერაპია საჭირო არ არის.] ამავე დროს HP ნეგატიური წყლულოვანი დაავადება არ არის დაკავშირებული სხვა კონკრეტულ ეთიოლოგიურ ფაქტორთან, ე.ი. ის იდიოპათიურია. აქვს მოკლე წყლულოვანი ანამნეზი, ვითარდება შედარებით ასაკოვან კონტიგენტში, ახასიათებს წყლულის დეფექტის დაგვიანებული შეხორცება, ხშირია დისპეპსიური სინდრომი, ხშირია სისხლდენები, წყლულის პერფორაცია, თუმცა ეს განსხვავებები არ ცდება წყლულოვან დაავადების ერთიან ნოზოლოგიურ ფორმას.
მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ არც ულცეროგენული და არც კანცეროგენული HP შტამები ბუნებაში არ არსებობს. კუჭის ლორწოვანზე HP ვირულენტური შტამების არსებობა არ ითვლება წყლულოვანი დაავადების მიზეზად, ის მხოლოდ ხელისშემწყობი ფაქტორია წყლულის განვითარებაში, ანუ ის ითვლება ტრიგერად კუჭის ლორწოვანზე ანთებითი პროცესების განვითარებასა და მის ქრონიზაციაში. HP ინფექციის შეჭრა კუჭის ლორწოვან გარსში ცვლის ორგანიზმის იმუნურ პასუხს, რომელიც იძენს პროანთებად ხასიათს. წარმოქმნილი პრო ანთებითი ციტოკინები აძლიერებენ გასტრინის და ჰისტამინის პროდუქციას. მკვეთრად მატულობს კუჭის წვენის მჟავიანობა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წყლულის განვითარებაში.
დანიის მეცნიერთა ერთი ჯგუფი 10 წლის განმავლობაში იკვლევდა 3,5 ათას HP ინფიცირებულ კონტიგენტს და თვლიან, რომ წყლულისადმი მომატებული რისკი არ იქნა დამტკიცებული, თუმცა მათი აზრით HP ასოცირებულ დაავადების პათოგენიზში მნიშვნელოვანია ფსიქოტრამვების და თამბაქოს მოწევის მაპროვოცირებელი ფაქტორების მონაწილეობა.
გასტროენტეროლოგთა შორის დღემდე არ არის დასაბუთებული პასუხი კითხვებზე:
1. რატომ ვითარდება როგორც წესი ერთი წყლული;
2. რა მექანიზმები განაპირობებენ წყლულის სპონტანურ შეხორცებას;
3. რით აიხსნება დაავადების ციკლური მიმდინარეობა;
4. HP ინფიცირებულ ორგანიზმში რა ფაქტორები განსაზღვრავენ წყლულის განვითარებას.
რიგი ავტორები თვლიან, რომ არ არის და არც იარსებებს წყლულოვანი დაავადების პათოგენეზის უნიტარული თეორია.
ზოგი მეცნიერის აზრით წყლულოვანი დაავადება გენეტიკური ფაქტორების გარეშე არ ვითარდება და თვლიან, რომ გენეტიკური დეტერმინირებაა ძირითადი რისკ ფაქტორი. გენეტიკური მიდრეკილება გადაეცემა აუტოსომურ-რეცესიული გზით.
ბოლო წლებია მნიშვნელოვანი გამოკვლევებია ჩატარებული ჰორმონ მელატონინის როლზე წყლულოვანი დაავადების განვითარბაში. მელატონინის უნიკალური თვისებები ორგანიზმის ბიოლოგიური რითმების რეგულირებაზე (ენდოგენური რითმების კოორდინაცია), შესაძლებელია გავლენას ახდენდეს წყლულის სადღეღამისო, სეზონურ და ციკლურ მიმდინარეობაზე. მელატონინის ანტიულცერული ეფექტი და მისი ანტიოქსიდანტური აქტიობა ასტიმულირებს პროსტაგლანდინების პროდუქციას, აუმჯობესებს კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის ლორწოვან რეგენერაციულ პროცესებს.
ამრიგად მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ წყლულოვანი დაავადება მრავალფაქტორული დაავადებაა. HP ინფენქცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია HP ასოცირებული წყლულოვანი დაავადების განვითარების პათოგენეზში.
ცნობილი მეცნიერის გასტროენტეროლოგის Я. Циммермаи _ის და მისი თანამშრომლების მიერ შემუშავებულ იქნა წყლულოვანი დაავადების პათოგენეზის ორიგინალული კონცეფცია. მათი აზრით კუჭნაწლავის ტრაქტს გააჩნია სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაცია, საკუთარი ადაპტაციური თვითრეგულირებით (ინტრამურული ნერვული სისტემა, ინტესტინური ჰორმონები, ბიოგენური ამინები, კალიკრეინ-კინინური სისტემა, კეილონები, ადგილობრივი იმუნური სისტემის კომპონენტები, სინქრონიზმი, თანმიმდევრობა, ინტეგრაცია, თვით კონტროლი). მასიური არასასურველი გარემო ფაქტორების შეტევით (ფსიქოემოციური სტრესი, HP ინდუქცია, მეტეოპირობების მკვეთრი მერყეობა), განსაკუთრებით წყლულისადმი მემკვიდრული მიდრეკილება იწვევს საიმედო ადგილობრივი თვით რეგულირების მექანიზმის რღვევას, სეკრეტორული და მოტორული ფუნქციების სინქრონიზაციის მოშლას, მჟავა-პეპსინის აგრესიას კონკრეტულ უბანზე, ლორწოვანის მიკროცირკულაციის მოშლას, იშემიას, თრომბოზებს და ქსოვილის დაზიანებას. წარმოქმნილი წყლულისგან პერმამენტულად იგზავნება სიგნალები (იმპულსები) თავის ტვინის ადაპტაციური რეგულირების სისტემებში, სადაც მობილიზება ხდება სანოგენეზის მექანიზმების, რაც განაპირობებს წყლულის ზომაში თვითშეზღუდვას შემდგომი ეპითელიზაციით, წყლულის შეხორცებით და ფუნქციის აღდგენით.
სტრესით, რეინფექციით, მეტეორხევებით განვითარებული წყლულის რეციდივების დროს ხდება ქერქის და ქერქვეშა სტრუქტურებში ადაპტაციური რეგულაციის თანდათანობითი დეგრადაცია და საჭირო ხდება წყლულის შეხორცებისთვის უფრო მაღალი დონის ადაპტაციური რეგულირების და სანოგენეზის გააქტიურება.
წყლულის პათოგენეზსა და სანოგენეზში შეიძლება განიხილებოდეს ოთხი სტადია:
1. კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის ლორწოვანის დაქვეითებული რეზისტენტობის შემოფარგლურ უბანზე (ადგილობრივი მიზეზებით გამოწვეულ) მარილმჟავა-პეპსინის აგრესია (შეტევა);
2. კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის ლორწოვანის დამცავი ეშელონების გარღვევა დესტრუქციული პროცესების გავრცელებით სიღრმესა და სიგანეში (წყლულოვანი დეფექტი);
3. მჟავა-პეპსინის აგრესიის ნიველირება ადგილობრივი დამცავი ფაქტორებით (იმუნოკომპენტენტური ლეიკოციტები, YgA და სხვა) და წყლულოვანი დეფექტის თვითშემოფარგვლა;
4. მონოციტებისა და ფიბრობლასტების მეშვეობით ეპითელიზაციის და შეხორცების განვითარება.
მიუხედავად იმისა, რომ წყლულის წარმოქმნის შემდეგ დესტრუქციული პროცესის გაღმავებას და პერფორაციის განვითარებას თითქოს ხელს არაფერი უშლის, იმთავითვე პროცესში ერთვება სანოგენეზის მექანიზმი და წყლული იწყებს შეხორცებას. ანუ დაავადების და გაჯანსაღების მექანიზმი მოქმედებაში ჩაერთვება ერთდროულად. ჯერ პათოგენეზი- წყლულის განვითარებით, შემდეგ სანოგენეზი-წყლულის შეხორცებით.
წყლულოვანი დაავადების მკურნალობის ზოგიერთი
ასპექტის შესახებ.
მაასტრიხტის კონსესუსის (2,3) მიხედვით ყველა H. pylori_თ ასოცირებული გასტროენტეროლოგიური დაავადება საჭიროებს ანტიბიოტიკებით ერადიკაციულ თერაპიას. უნდა ითქვას, რომ 2 ათეული წელია H. pylori-ს ერადიკაციულმა თერაპიამ მნიშვნელოვნად შეამცირა HP ასოცირებული წყლულების რეციდივები და გართულებები. ამავე დროს რიგი გასროენტეროლოგების, თვლის, რომ HP ნეგატიური წყლულოვანი დაავადების, ფუნქციური დისპეპსიური სინდრომის, არასტეროიდულ ანთებსაწინააღმდეგო საშუალებებით ინდუცირებული წყლულების დროს ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება საჭირო არ არის. განსტროენტეროლოგთა ერთი ნაწილის აზრით HP ინფიცირებული გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს ანტიბიოტიკებით ერადიკაციული თერაპიის ჩატარება არასასურველია, რადგან ის ორჯერ ზრდის საყლაპავში ბარეტის მეტაპლაზის განვითარების რისკს. საყოველთაოდ მიღებული სამი და ოთხ კომპონენტიანი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე მნიშვნელოვნად გახშირდა ციტოტოქსიური და რეზისტენტული HP შტამების სელექცია, ასევე გაიზარდა ნაწლავთა დისბიოზის რაოდენობა. შეძენილი (მეორადი) რეზისტენტული შტამების გახშირებამ გამოიწვია ახალი ანტიბიოტიკების გამოყენების აუცილებელობა.
ბოლო წლებია HP ასოცირებული გასტროენტეროლოგიური დაავადებების მკურნალობაში გამოიყენება ფტორქინოლების და მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატები.