×

წყლულოვანი დაავადების გავრცელების მაჩვენებელი მამაკაცებში 12-15% _ია ქალებში 7-10%.

წყლულოვანი დაავადების კლასიფიკაცია
ეტიოლოგიის მიხედვით

• H. pylori_სთან ასოცირებული
• H. pylori _ Negat.
ლოკალიზაციის მიხედვით
• კუჭის -კარდიული, სხეულის, ანტრალური ნაწილის, პილორული ნაწილის;
• 12 გოჯა ნაწლავის - ბოლქვის, ბოლქვისგარეთა ნაწილი;
• კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის წყლულის შერწყმა.

წყლულის ტიპის მიხედვით

• ხშირად ერთეული, იშვიათად მრავლობითი.
წყლულის ზომის მიხედვით (დიამეტრი)
• მცირე (0,5სმ), საშუალო (1სმ). დიდი (2,9სმ-მდე), გიგანტური (3სმ და მეტი).

კლინიკური მიმდინარეობით
• ტიპიური, ატიპური, ტკივილების სინდრომით, ტკივილების გარეშე, უსიმპტომო.

კუჭის სეკრეციის მიხედვით
• მომატებული, ნორმალური, დაქვეითებული სეკრეციით.
წყლულოვანი დაავადების ეთიოპათოგენეზში ძირითად როლს აკისრებენ H. pylori-ს ინფექციას. დაავადების გამომწვევ სხვა მიზეზებიდან გამოყოფენ ალიმენტარულ ფაქტორს (მოუწესრიგებელი კვების რეჟიმი უხეში საკვების მიღებით, მშრალი კვება, საკვების მიღებებს შორის ხანგრძლივი დრო და სხვა), კუჭის წვენის სეკრეციის მომატებას და ლორწოვანი გარსის დამცავი ფაქტორების აქტიობის შემცირებას, მავნე ჩვევებს (თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბად მიღება), ნერვულ-ფსიქიკურ ფაქტორებს (სტრესები), მემკვიდრულ ფაქტორებს და სხვა. წყლულოვანი დაავადების პათოგენეზს საფუძვლად უდევს კუჭის ლორწოვან გარსზე აგრესიული და დამცავ ფაქტორებს შორის წონასწორობის დარღვევას.

კლინიკური სურათი.
წყლულოვანი დაავადების კლინიკური სურათი პოლიმორფულია და დამოკიდებულია წყლულოვანი დეფექტის ლოკალიზაციაზე, ზომასა და სიღმეზე, კუჭის წვენის სეკრეციაზე, ასაკზე.
ძირითადი სიმპტომია ტკივილი. ტკივილებს ახასიათებს რითმულობა, კავშირი კვებასთან, პერიოდულობა საკვების მიღებიდან გასულ დროსთან დამოკიდებულებით. განასხვავებენ ადრეულ, გვიან და „მშიერ“ ტკივილებს.
• ადრეული ტკივილი აღმოცენდება საკვების მიღებიდან 0,5 -1სთ_ს შემდეგ და გრძელდება 2სთს განმავლობაში (კუჭის შიგთავსის 12 გოჯა ნაწლავში გადასვლის დრო)-დამახასიათებელია კუჭის სხეულის წყლულისთვის.
კუჭის კარდიის და ფუნდალური ნაწილების წყლულის დროს ტკივილი ვითარდება საკვების მიღებისთანავე.
• გვიანი ტკივილი აღმოცენდება საკვების მიღებიდან 1,5-2სთ შემდეგ, თანდათან ძლიერდება კუჭიდან საკვების გადასვლის შესაბამისად- დამახასიათებელია კუჭის პილორული ნაწილის და 12 გოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლულისთვის.
• „მშიერი“ და ღამის ტკივილები ვითარდება საკვების მიღებიდან 3-4სთ. შემდეგ და ქრება საჭმლის მორიგი მიღების შემდეგ - დამახასიათებელია 12 გოჯა ნაწლავის და კუჭის პილორული ნაწილის წყლულისათვის.
• ადრეული და გვიანი ტკივილების არსებობა ერთდროულად აღენიშნება პაციენტებს კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის შეუღლებული წყლულების დროს.
ტკივილის ლოკალიზაცია ხშირად დამოკიდებულია წყლულოვანი დეფექტის მდებარეობაზე. კარდიული წყლულის დროს ტკივილი ხშირია მკერდის ძვლის მახვილისებური მორჩის არეში, კუჭის წყლულის დროს-ეპიგასტრიუმის არეში შუა ხაზის მარცხნივ, პილორული ნაწილის და თორმეტგოჯა ნაწლვის ბოლქვის წყლულის დროს - შუა ხაზის მარჯვნივ. თუმცა ზოგჯერ ტკივილის პროექცია არ შეესაბამება წყლულის ლოკალიზაციას.
კუჭის ზედა ნაწილის წყლულის დროს ხშირია ატიპიური ტკივილები მკერდის ძვლის უკან და მარცხნივ ირადიაციით მარცხენა ბეჭში, ხერხემლის მკერდის ნაწილში. ბოლქვსგარე წყლულების დროს ტკივილი შეიძლება იყოს ზურგში ან მარჯვენა ბეჭქვეშა არეში, წელის და ზოგჯერ მარჯვენა თეძოს არეში. ტკივილების ლოკალიზაციის და ირადიაციის მრავალფეროვნება შეიძლება გახდეს დიაგნოსტიკური შეცდომების მიზეზი, რადგანაც ანალოგიური ტკივილები ახასიათებს ქრონიკულ ქოლეცისტიტს, სტენოკარდიას, ხერხემლის, მკერდის და წელის ოსტრეოქონდროზს.
წყლულოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელია გამწვავებისა და რემისიის ფაზების არსებობა.
გამწვავების დროს ტკივილები გრძელდება რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში. რემისია უფრო ხანგრძლივია და შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წელიც. ხშირად პერიოდულობა სეზონური ხასიათისაა. წყლულის კლინიკური სიმპტომები უფრო გამოხატულია შემოდგომასა და გაზაფხულზე, რაც დაავადების გამწვავების მაუწყებელია.
წყლულის დროს ტკივილების სტერეოტიპის შეცვლა ხშირად მიუთითებს გართულების განვითარებაზე. ძლიერი ტკივილის (ხანჯლის დარტყმის მსგავსი) უეცარი განვითარება, რომელიც მოიცავს მთელ მუცელს, მიუთითებს წყლულის პერფორაციის განვითარებაზე.
მუდმივი ხასიათის ტკივილების განვითარება წელის არეში მიუთითებს წყლულის ჩაზრდაზე (პენეტრაცია) კუჭქვეშა ჯირკვალში, ხოლო ტკივილები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში წყლულის პენეტრაციაზე ღვიძლის იოგში.
ზოგჯერ წყლულოვანმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის პილორუსის ორგანული შევიწროება პილოროსტენოზით, რაც კლინიკურად ვლინდება წინა დღით მიღებული საკვების ღებინებით. ხშირად ასეთი ავადმყოფები ტკივილისა და დისკომფორტის მოსახსნელად თვითონ იწვევენ ღებინებებს.
გულძმარვის სიმპტომი წყლულოვანი დაავადების დროს ხშირია, თუმცა მისი განვითარების მიზეზია გასტროეზოფაგური რეფლუქსები და არა წყლულოვანი დეფექტის არსებობა.
ხშირად წყლულოვანი დაავადება მიმდინარეობს ატიპიურად - ტკივილების გარეშე და ჩივილები შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ არასპეციფიკური დისპეპსიური შეგრძნებებით. რომელიც დამახასიათებელია სხვა დაავადებისათვის.

დიაგნოსტიკა

წყლულოვანი დაავადების დიაგნოზის დასმა გულისხმობს: წყლულოვანი დეფექტის აღმოჩენას, H. pylori-ის გამოვლენას და კუჭის სეკრეციული ფუნქციის გამოკვლევას.
წყლულოვანი დეფექტის აღმოჩენა შესაძლებელია რენტგენოლოგიურად ან ენდესკოპიური მეთოდით. რენტგენოლოგიურად წყლულის პირდაპირი დამახასიათებელი ნიშანია „ნიშის“ სიმპტომი,რომელიც წარმოადგენს კონტრასტული ნივთიერების (რომლითაც შევსებულია წყლულოვანი კრატერი) ჩრდილს.
ფიბროეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია უფრო ინფორმაციული მეთოდია და წყლულის აღმოჩენა ხერხდება შემთხვევათა 95-98%_ში. ის იძლევა საშუალებას ვაკონტროლოთ წყლულოვანი დეფექტის შეხორცების პროცესი, ასევე შევაფასოთ კუჭის ლორწოვანი გარსის ჰისტოლოგიური ცვლილებები (ბიოფსიური მასალით) მალიგნიზაციის გამორიცხვის მიზნით. H. pylori -ს აღმოჩენის მიზნით ენდოსკოპიური გამოკვლევის დროს იღებენ კუჭის ლორწოვანი გარსიდან ბიოპტატებს.
კუჭის სეკრეციული გამოკვლევა აუცილებელია მკურნალობის ოპტიმალური და დასაბუთებული სქემის შედგენის მიზნით. კუჭის წვენის მჟავიანობის განსაზღვრა ხდება წერილი ზონდით კუჭის ფრაქციული გამოკვლევით და PH_მეტრიის მეთოდით. კუჭის ფრაქციული გამოკვლევის დროს იყენებენ ჰისტამინს ან პენტაგასტრინს, დგინდება ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის პარამეტრები. უზონდო მეთოდები აღარ გამოიყენება, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი მგრძნობელობა და იძლევიან მნიშვნელოვან ცთომილებებს.

 
მედპერსონალი
 
ვაკანსიები
 
რჩევები
 
დამატებითი ინფორმაციისთვის
+995 599 12 13 53
დაგვირეკეთ

კლინიკის შესახებ

ჰეპატო გასტროენტეროლოგიული კლინიკა "ლაგიმედი" დაფუძნდა 2014 წელს პროფესორ ექიმ-გასტროენტეროლოგ ლაგი გვეტაძის და ექიმ-სტომატოლოგ ლიანა ტორონჯაძის მიერ. კლინიკას ყოველდღიურად მრავალი პაციენტი მომართავს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოდანაც.

კონტაქტი

 ქუთაისი, დ. ავალიანი 1 / სარაჯიშვილის 4

  0431 24 36 38

  info@lagimedi.ge

  www.lagimedi.ge