ჰეპატოციტების ნეკროზის შედეგად სისხლში გამოთავისუფლებული სპილენძი შეიძლება დაგროვდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, თირკმლებში, რქოვანაში, ძვლებში და სხვა.
ეპიდემიოლოგია
დაავადება იშვიათია და გვხვდება 30000 მოსახლეზე 1 ავადმყოფი, თუმცა პათოლოგიური გენის გავრცელება გაცილებით ხშირია და შეადგენს 1 შემთხვევას 100 ადამიანზე.
კლინიკური სურათი და დიაგნოსტიკა
ვილსონ–კონოვალოვის დაავადება ხშირად ვლინდება ბავშვობის ასაკში, თუმცა ზოგჯერ დიაგნოზი დგინდება ზრდასრულ ასაკში. ავადმყოფებს დაბადებიდანვე 10–15–ჯერ მაღალი აქვთ ღვიძლში სპილენძის კონცენტრაცია. ღვიძლის გარდა, საკვებიდან მიღებული სპილენძი გროვდება თავის ტვინში, თირკმლებში, თვალსა და სხვა ორგანოებში, რაც იწვევს მათ ტოქსიურ დაზიანებას. დაავადების დროს ღვიძლი ზიანდება შემთხვევათა 40–50%–ში, ნევროლოგიური გამოვლინებები აღინიშნება 35%–ში, ფსიქიური — 10%–ში, თვალის დაზიანება — 10%–ში, შედარებით იშვიათად ზიანდება თირკმლები.
ღვიძლის დაზიანება დაავადების პირველი მანიფესტაციაა. ძირითადად ახალგაზრდა ასაკში (40 წლამდე), ვლინდება ქრონიკული აქტიური ჰეპატიტისა და ციროზის სიმპტომები. ზოგჯერ ვითარდება ღვიძლის ელვისებური უკმარისობა. ნევროლოგიური სიმპტომებიდან აღინიშნება დისფაგია, დიზართრია, ტრემორი, ატაქსია, კოორდინაციის დარღვევა, ზოგჯერ კრუნჩხვები, დისტონია, კუნთების რეგიდობა. ნევროლოგიური სიმპტომები ხშირია მოზარდებსა და ახალგაზრდებში. თავის ტვინში სპილენძის დაგროვებამ შეიძლება განაპირობოს არაადეკვატური ქცევა, სწავლისა და შრომისუნარიანობის დაქვეითება, ზოგჯერ კი ფსიქიური აშლილობები, რომელიც მსგავსია შიზოფრენიისა და მანიაკალურ–დეპრესიული სინდრომის.
დაავადებისათვის დამახასიათებელია თვალის რქოვანა გარსისა და სკლერის საზღვარზე ოქროსფერი ან მომწვანო–ოქროსფერი ე.წ. კაიზერ–ფლეიშერის რგოლის გაჩენა, რომელიც სპილენძის დაგროვების შედეგია.
თირკმლებში სპილენძის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს მაკრო ან მიკროჰემატურია, შარდით ამინომჟავების, შარდმჟავას, ფოსფატების, კალციუმის, გლუკოზის გაძლიერებული გამოყოფა. ხშირად ვითარდება ჰემოლიზური ანემია. შეიძლება განვითარდეს პოლიარტრიტის, ოსტეოპოროზის, ოსტეომალაციის, ქონდრო–კალცინოზის სიმპტომები. ვილსონ–კონოვალოვის დაავადება, ხშირად ვლინდება ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის სტადიაზე შეშუპებების, ასციტისა და საყლაპავის ვენების ვარიკოზულად გაგანიერების განვითარებით.
დაავადების დიაგნოზი საეჭვოა, როდესაც უცნობი ეთიოლოგიის ჰეპატიტი ან ციროზი ვლინდება ახალგაზრდა ასაკში, განსაკუთრებით თუ გამოხატულია ნევროლოგიური, ფსიქიკური სიმპტომები, კაიზერ–ფლეიშერის რგოლი და ჰემოლიზური ანემია.
ლაბორატორული გამოკვლევებით სისხლში სპილენძის დონე მომატებული არ არის. ამავე დროს, შარდში სპილენძის დონე მაღალია (100–1000 მკგ. 24 საათში, ნორმა <40 მკგ.), რაც მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მაჩვენებელია.
სისხლის შრატში ცერულოპლაზმინის (სპილენძის შემცველი მოცირკულირე პროტეინი) დონე დაბალია (<20 მგ.%). ასევე დაბალია სისხლის შრატში შარდმჟავას დონე. ზოგჯერ აღინიშნება სისხლში ბილირუბინისა და ამინოტრანსფერაზების დონის მატება.
ღვიძლის ბიოპტატში ჰისტოლოგიური მონაცემები არასპეციფიკურია. ვლინდება ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის და ციროზის სურათი, ღვიძლში ვლინდება სპილენძის მაღალი კონცენტრაცია.
ამრიგად, ვილსონ–კონოვალოვის დაავადების დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია:
— ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
— ღვიძლის ციროზი;
— ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობა;
— ნევროლოგიური დარღვევები;
— ფსიქიკური დარღვევები;
— კაიზერ ფლეიშერის რგოლი;
— ბროლის შემღვრევა მზესუმზირას ყვავილის მსგავსი;
— ჰემოლიზური ანემია;
— თირკმლების და ძვლების დაზიანება;
— სპილენძის მაღალი კონცენტრაცია ღვიძლში;
— სისხლის შრატში ცერულოპლაზმინის დაბალი დონე;
— შარდში სპილენძის მაღალი კონცენტრაცია;
— სისხლის შრატში შარდმჟავას დაბალი დონე.
მკურნალობა
ვილსონ–კონოვალოვის დაავადების მკურნალობა ტარდება პენიცილამინით მთელი სიცოცხლის მანძილზე. იგი სპილენძთან წარმოქმნის კომპლექსურ ნაერთებს და გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმლებით. მკურნალობა იწყება მცირე დოზებით (250–500 მგ. დღეში), რომელსაც თანდათან ზრდიან მაქსიმალურ დოზამდე (2 გრ. დღეში). პრეპარატი ინიშნება 4–ჯერ დღეღამეში პერორალურად, ჭამამდე 30 წთ–ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ. შემდეგ. კლინიკური ეფექტის მიღების შემდეგ, პენიცილამინის გვერდითი ეფექტების (კანი, თირკმლები, სისხლმბადი ორგანოები) განვითარების რისკის შემცირების მიზნით დოზა მცირდება ეფექტის შემანარჩუნებელ დონემდე (500–750 მგ. დღეში). პენიცილამინის აუტანლობის შემთხვევაში ინიშნება თუთიის შემცველი სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ნაწლავებში სპილენძის შეწოვას. ასევე, აუცილებელია ავადმყოფმა მინიმუმამდე შეამციროს სპილენძით მდიდარი საკვების მიღება, როგორიცაა: ნიგოზი, ღვიძლი, სოკო, შოკოლადი.
ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობისა და მკურნალობისადმი რეზისტენტული მძიმე დეკომპენსირებული ციროზის დროს საჭიროა ღვიძლის ტრანსლანტაცია.
პროგნოზი
მკურნალობის გარეშე ვილსონ–კონოვალოვის დაავადება პროგრესირებს და მთავრდება სიკვდილით. თუ მკურნალობა დაწყებულია ღვიძლის ციროზის მძიმე გართულებების განვითარებამდე, შესაძლებელია დაავადების თითქმის ყველა სიმპტომის უკუგანვითარება. ამ შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა არ მცირდება. პენიცილამინის კარგად ატანისა და მკურნალობის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება ღვიძლის დეკომპენსირებელი ციროზის დროსაც კი.